ორნიშნა ზრდა გვაქვს პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში, რაც აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რომ დამატებითი დაფინანსება გამოვყოთ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იმ პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც გააჩნია საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს ეკონომიკა გაიზარდა 10,4%-ის ოდენობით.
„იმ ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება საქართველოში, სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ხარჯები უკვე სოციალური და უსაფრთხოების მიმართულებით. გასულ წელს ეკონომიკა გაიზარდა 10,4%-ის ოდენობით, ხოლო მიმდინარე წელს 8 თვეში უკვე ზრდა გვაქვს 10,3%-ის ოდენობით. ორნიშნა ზრდა გვაქვს პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში, რაც აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რომ დამატებითი დაფინანსება გამოვყოთ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იმ პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც გააჩნია საქართველოს მთავრობას. თუ ჩვენ შევხედავთ 2020 წელს, გაუმჯობესება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ საქართველოს ეკონომიკის დონე თუ იყო დაახლოებით 49 მილიარდი ლარი, 2023 წელს დაგეგმილია უკვე 80 მილიარდ ლარამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 30 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ეკონომიკის ზომა და ბუნებრივია, ყველა ეს პარამეტრი უზრუნველყო იმ ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რაც ქვეყანას გააჩნია. პირველ რიგში ეს არის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში ვალუტის შემოდინების მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა, რამაც უზრუნველყო ის, რომ ქვეყანას მოეღო დამატებითი შემოსავალი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.