15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს ხელოვანთა კავშირის “ხელოვანები მომავლისთვის” ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი “მომავლის ვარსკვლავები” ჩატარდა.
კონკურსი მიზნად ისახავდა საქართველოს საგუნდო სექტორის პროფესიულ მხარდაჭერას, შემოქმედებით სტიმულირებას და სოლიდური საპრიზო ფონდით გუნდების წახალისებას.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საგუნდო კოლექტივებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან. მათ შორის საუკეთესოთა შერჩევა მოხდა კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი ქორმაისტერები და კომპოზიტორები: თეონა ცირამუა, მაია მიქაშავიძე, რუსუდან ხორავა. პროექტს ხელმძღვანელობდა ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი – ნინა კუპატაძე. მეორე ტურის ფინალისტებს – გრან–პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს გადაეცათ ფულადი პრემიები, სახელობითი ჯილდოები და დიპლომები.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა უფასო მასტერ–კლასები, მეთოდური ლექციები და ღია გაკვეთილები კონკურსში მონაწილე გუნდებისთვის.
“მომავლის ვარსკვლავების” დასკვნითი საზეიმო გალა–კონცერტი და პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია 15 ოქტომბერს “არტ–ჰოლში” გაიმართა. გრან პრი და ფულადი პრემია 1000 ლარი ჩოხატაურის სამუსიკო სკოლის გუნდს გადაეცა.