საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ.
„სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები. აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და ბატონ ვან ბაიბურთს, რადგან ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და რომ, საბჭოთა პერიოდში, ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო იქნა გაუქმებული.
არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი – მისი მეუღლის.
სამინისტროს, საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეთანხმების საფუძველზე, დღეს ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.