ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ირანი რუსეთს დრონებს აწვდის, ასევე, აკვირდებიან თეირანის შემდგომ მოქმედებებს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე არასდროს ვსაუბრობ კონკრეტულ სადაზვერვო მონაცემზე, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ირანი რუსეთს დრონებს აწვდის. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ირანს, მხარი არ დაუჭირონ რუსეთის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ნატო ყურადღებით ადევნებს თვალს ირანის ქმედებებს გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ თეირანმა მოსკოვს დრონების გარდა შესაძლოა, რაკეტებიც მიაწოდოს.
“ეს არის სამხედრო აგრესია. ეს არის ომი, რომელიც არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ეს არის ევროპის სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა. ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. გასულ კვირას რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე. დრონების საშინელი თავდასხმები, რომელიც ბოლო დროს ვნახეთ, ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას“, – დასძინა გენერალურმა მდივანმა.