მევლუთ მერთ ალთინთაში, რომელმაც 19 დეკემბერს ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ალთინთაში ერდოღანის დაცვის წევრი არ ყოფილა, თუმცა იმ პოლიციელების რიცხვში შედიოდა, რომლებიც პრეზიდენტის მონაწილეობით ღონისძიებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ალთინთაში რვაჯერ მონაწილეობდა მსგავს ოპერაციებში.
Hurriyet-ის ცნობითვე, არშემდგარი ამბოხის დროს ალთინთაში არ მსახურობდა, ის ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე იყო გასული. ამგვარად უცნობია, რით იყო ის დაკავებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს.
ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა.