დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა. ადვოკატის განცხადებით, ისინი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, ამასთან მარტიაშვილის ინტერესების დამცველი მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე – წერილზე საუბრობს.
“მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა დატოვებული – წერილი, რომ იგი აპირებდა ამ ასაფეთქებელი მოწყობილობის პოლიციის განყოფილებაში მიტანას და ჩაბარებას, თუმცაღა არ დაცალდა,” – აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.