სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 5 კაცი, რომელიც ყოფილი პარტნიორი ქალების შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდნენ და მათ ნათესავებს უგზავნიდნენ და სოციალურ ქსელში დებდნენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში ამ მასალებს შანტაჟისთვისაც იყენებდნენ.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლითა და 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.