უკრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს ვიზიტი კოსოვოში არის პირადი ინიციატივაა და ის არ არის უფლებამოსილი, წარმოადგინოს უკრაინის პარლამენტი კოსოვოში. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია უმაღლესი რადას აპარატის განცხადებაში.
„სახალხო დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს კოსოვოში ვიზიტი წარმოადგენს მის პირად ინიციატივას, არის კერძო ხასიათის. უკრაინის უმაღლეს რადას ან ნებისმიერ სხვა ორგანოებს არ მიუნიჭებიათ არც ერთი სახალხო დეპუტატისთვის, კერძოდ, ალექსეი გონჩარენკოსთვის, უფლებამოსილება, წარმოადგინოს კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკრაინის პარლამენტის პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
რადას განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საკითხებზე უკრაინის პარლამენტის პოზიციის მიღება კოლეგიალურად, სასესიო დარბაზში ხმის მიცემით ხმათა უმრავლესობით ხდება. ხოლო უკრაინის სახალხო დეპუტატის ცალკეულ მოსაზრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არის საერთაშორისო ორგანიზაციაში საპარლამენტო დელეგაციის წევრი, არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს ერთიან პოზიციას.
„ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უკრაინის უმაღლესი რადა კოსოვოსთან დაკავშირებით საერთაშორისო საკითხებში, მით უმეტეს, გაეკეთებინა განცხადებები უკრაინის პარლამენტის სახელით“, – განაცხადეს რადაში.
გუშინ უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო კოსოვოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ეს კოსოვოს საკანონმდებლო ორგანოში რადას უკრაინელი პარლამენტარის პირველი გამოსვლა გახდა.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე – რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.