რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, არსებული რეალობის გათვალისწინებით.
„ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტში ვითარდება“, – განაცხადა მან.
7 ნოემბერს, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ახლა მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი მომენტი არ არის.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რუსული მხარე ღიაა მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს მიზნებს. ჩვენ ასევე არაერთხელ გავამახვილეთ ყველას ყურადღება, რომ ამ მომენტში ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ შესაძლებლობას, რადგან კიევმა კანონად [მათი გადაწყვეტილება] აქცია ის, რომ არ გაგრძელდეს მოლაპარაკებები“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

