ცივილიზებული სამყარო უკრაინის დახმარებაზე მსჯელობს, ომში მყოფი ქვეყანა კი ისევ აგრესორის პირისპირაა. 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მძიმე ზამთრის მოლოდინში კი ქვეყნის პრეზიდენტი დასავლეთს ისევ დახმარებას სთხოვს. რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის თითქმის 50% მწყობრიდან არის გამოსული – ომში მყოფი ქვეყანა აგრესორს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულად განადგურებაში ადანაშაულებს.
“ენერგო მომარაგების მხრივ, უმეტეს რეგიონში, გათიშვები გრძელდება, ამოქმედდა სტაბილიზაციის საათობრივი განრიგი. მძიმე ვითარება სულ 17 რეგიონსა და დედაქალაქშია. სიტუაცია განსაკუთრებით რთულია: კიევის, ოდესის, ვინიციასა და ტერნოპოლის რეგიონებში.
წელს ჩვენ ველოდებით მაკროფინანსური დახმარების ორ ტრანშს – 2.5 მილიარდ ევროს ნოემბერში და 0,5 მილიარდ ევროს დეკემბრის დასაწყისში. განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, რომლებიც შესაძლოა ევროპულ დონეზე ამოქმედდეს.
დონეცკის რეგიონში სასტიკი ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება, საომარი მოქმედებების ჯერ არ შემსუბუქებულა. მხოლოდ გუშინ, დონეცკის რეგიონში, ასამდე რუსული თავდასხმა მოიგერიეს. ყველა ჩვენი მეომარი, ვინც დონბასში დგას, ნამდვილი გმირია,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინის ტერიტორიაზე საფილტრაციო ოპერაციები და ადამიანის უფლებების დარღვევა შეწყვიტოს.
“კონფლიქტის დამკვირვებლებმა უახლესი დამოუკიდებელი ანგარიში გაგვაცნეს. მასში აღწერილია მრავალი შემთხვევა, რომელიც ამ სასტიკი ომის დროს რუსეთის ძალების მიერ ხერსონში უსამართლო დაკავებებზე თუ გაუჩინარებებზე მიუთითებს. ანგარიში საჯაროა, ხელმისაწვდომია ინფორმაცია 220-ზე მეტი ადამიანის შესახებ, რომლებიც არიან წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, მათ შორის გენდერული ძალადობის მსხვერპლი, გადარჩენილი ან მოწმე.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საფილტრაციო ოპერაციები, ადამიანის უფლებების დარღვევა. მოვუწოდებთ გაიყვანოს თავისი ძალები რათა დასრულდეს ომი, რომელსაც ვერ იგებს და ვერ მოიგებს,” – აცხადებს ვედანტ პატელი.
