ევროჯასტის პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე მან მადლობა გადაგვიხადა იმ წარმატებული თანამშრომლობისთვის ტრანსსასაზღვრო დანაშაულებებთან ბრძოლის საკითხში, რომელიც არის საქართველოსა და ევროჯასტს შორის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორია საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის წარმატებული ისტორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროჯასტის პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროჯასტს შორის წარმატებული თანამშრომლობა აღინიშნა. მისივე თქმით, საქართველო გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ევროკავშირის და ზოგადად ევროპის სივრცე იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო.
„ჩვენ ვიცით, მათ შორის, სულ ახლახანს, დანაშაულები, რომელიც ევროჯასტის დახმარებით იქნა გამოძიებული და გახსნილი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სახის ურთიერთობები იყოს წარმატებული სამომავლოდაც.
ტრანსსასაზღვრო დანაშაულის კატეგორიის საქმეები წარმოადგენენ საფრთხეს ევროპული სივრცისთვის და ამაში საქართველო აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ევროკავშირის და ზოგადად ევროპის სივრცე იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ნიდერლანდების სამეფოში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.