შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე აღიძრა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.
მეორე დღეა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს, ვანო მერაბიშვილს თავს დაესხნენ. დღეს “რუსთავი 2”-მა ჩაწერა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მომღერლისა და ტელეწამყვანის, გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” სიძე – არხის ინფორმაციით, სწორედ გიგიშა შარაშენიძემ იძალადა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე.
“დაპირისპირება მოხდა ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას”, – თქვა “უცნობის” სიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრის დროს.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ცემისთვის ან სხვაგვარი ძალადობისთვის.