მოსკოვში 50 წლის ქართველი კაცი მოკლეს. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის რესტორან “თბილისოს” მზარეული იყო.
მედია წერს, რომ კაცი 36 წლის ტაჯიკმა ქალმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, რომელიც ამავე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. ქალი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს.
შემთხვევა 4 იანვარს მოხდა.
რუსულ ტელეგრამის გვერდებზე დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირება სამზარეულოში დაიწყო, სადაც კაცი დანით შეიარაღებული ქალის გაკავებას ცდილობდა, თუმცა საპასუხოდ რამდენიმე ჭრილობა მიიღო მუცლისა და მკერდის არეში. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევას კიდევ ორი თანამშრომელი შეესწრო.
რუსული მედიის თანახმად, შელაპარაკება მზარეულის ხუმრობას მოჰყვა.