ბრაზილიის პოლიციის ინფორმაციით, საბერძნეთის ელჩი ადგილობრივმა სამართალდამცავმა მოკლა, რომელსაც ელჩის ცოლთან ურთიერთობა ჰქონდა, ამის შესახებ BBC წერს.
კირიაკოს ამირიდისს ორშაბათიდან ეძებდნენ. მისი ცხედარი დამწვარ ავტომობილში, რიო დე ჟანეიროს გარეუბანში, ხუთშბათს იპოვეს.
პოლიციის ცნობით, ელჩს ბრაზილიელი ცოლი ჰყავდა, ფრანსუაზ ამირიდისი, რომელსაც ქმრის მკვლელობაში თანამონაწილეობაში მიუძღვის ბრალი.
როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს, მკვლელობაში ბრალდებულმა სერხიო გომეს მორეირა ფილომ დანაშული უკვე აღიარა.
ელჩის ცოლი, 40 წლის ფრანსუაზ ამირიდისი მორეირასთან ერთად დააკავეს, დაპატიმრებულია ასევე მორეირას ბიძაშვილი, 29 წლის ედუარდ მელო.
დანაშულის მოტივი
სამივე ბრალდებული 30 დღის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იქნება.
როგორც გამომძიებელმა ევარისტო პონტეს მაგალაესმა განაცხადა, ელჩის მეუღლე მკვლელობაში თანამონაწილეობას უარყოფს.
„მან თქვა, რომ მომხდარში ბრალი არ მიუძღვის. ჩვენ მას ვუთხარით, რომ ბრალდების უარყოფას აზრი არ ჰქონდა. ის კი ძალიან ტიროდა და ამბობდა, რომ პოლიციის ოფიცერმა სერხიო მორეირამ ჩაიდინა მისი მეუღლის მკვლელობა“ – განაცხადა გამომძიებელმა.
მაგალაესის თქმით, მორეირამ და ელჩმა იჩხუბეს, რაც დიპლომატის მკვლელობით დასრულდა. როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, ბრალდებული ელჩს ემუქრებოდა, რომ ცოლის მიმართ ძალადობრივ ქმედებაში საჯაროდ დაადანაშაულებდა.
რაც ეხება მესამე ბრალდებულს, პოლიციელს ბიძაშვილი მორეირას ცხედრის გადატანაში დაეხმარა და მკვლელობის სცენარი სწორედ მან დაგეგმა.
დამწვარი ცხედარი
59 წლის ელჩი ბრაზილიიდან რიოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვა იგუაკუში მიემგზავრებოდა, სადაც ცოლთან და მშობლებთან ერთად, შობა და ახალი წელი უნდა გაეტარებინა.
წყვილი 15 წლის განმავლობაში, 10 წლის ქალიშვილთან ერთად, ცხოვრობდა.
ფრანსუაზ ამირიდისმა განაცხადა, რომ მის ქმარს ოთხშაბათის შემდეგ ეძებდნენ. მისი თქმით, ქმარი ბოლოს ნაქირავებ ავტომობილში ნახა, რომელიც, მოგვიანებით, დამწვარი იპოვეს.
დამწვარი ცხედრის ამოცნობა გართულდა, ამიტომ ექსპერტიზის ჩატარება გახდა საჭირო.
როგორც გამომძიებლებმა აღნიშნეს, მათ ცოლ-ქმრის სახლში სავარძელზე სისხლის წვეთები აღმოაჩინეს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მკვლელობა სწორედ იქ მოხდა.
ამირიდისი რიო დე ჟანეიოროში კონსულად 2001-2004 წლებში მსახურობდა და მიმდინარე წლის დასაწყისში ელჩის თანამდებობაზე დაბრუნდა.
წყარო: http://1tv.ge