იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა, რითაც ისინი მთავრობას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროში გასულ კვირას უნდა შეეტანათ, თუმცა როგორც გიული ალასანია ამბობს, რამდენიმე დღით უნგრეთმა დაიგვიანა ხელის მოწერა და სწორედ ამ მიზეზით გადაიდო განცხადების დარეგისტრირება. ექსპრეზიდენტის დედის განმარტებით, რა დიაგნოზებსაც საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს უსვამს, იგივე დიაგნოზებს იუსტიციის სამინისტრო და კლინიკა „ვივამედის“ მედ-პერსონალი იმეორებს.
„27 ქვეყანა ითხოვს ჩემი შვილის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანას. ე.ი. ყველა გაგიჟდა, ყველა მოსყიდული გვყავს თუ როგორ?! მკურნალი ექიმის განცხადება მოვისმინე, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრით ძალიან უკმაყოფილო იყო, რაც მოხდა. ყველა ადამიანს პროფესიონალიზმი აქვს, წესით პროფესიული კეთილსინდისიერება უნდა ჰქონდეს.
ჩვენთან ასეთი სურათია – ჯერ მთავრობა სვამს დიაგნოზებს, მერე იმავეს იუსტიციის მინისტრი და ექიმები იმეორებენ. ჩვენ სულელები ხომ არ ვართ?! რატომ არასოდეს ახსენებენ იმ ფაქტს, რომ აქ არის ინტოქსიკაცია? რატომ არ ახსენებენ იმ ფაქტს, რომელიც ყველამ აღიარა? მკურნალი ექიმი იმავეს იმეორებს, რასაც ზემოთ ამბობენ, ზუსტად იმავეს, არავითარი განსხვავება არ არის. ყოველთვის დაბალი წნევა ჰქონდა, დღეს აქვს წნევა, რომელსაც ინსულტისკენ პირდაპირ მივყავართ. გარდა ამისა, გაუსაძლისი ფეხების ტკივილი აქვს, ორგანიზმი თავის თავს ჭამს, უკვე ძვლების განლევა დაიწყო“,- აცხადებს გიული ალასანია.
სააკაშვილი რომ მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და მედიკამენტებს, ამის შესახებ უკვე მისი მკურნალი ექიმიც საუბრობს. სააკაშვილის ულტიმატუმი ასეთია: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს საკვებს, თუ სახელმწიფოსგან მიიღებს პირობას მისი განთავისუფლების შესახებ, მაგრამ სახელმწიფოს პასუხი ცალსახა: სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის სასჯელს. სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია კი გრძელდება.
„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“- ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე, თუნდაც, ციხეში შესვლამდე იყო.
სააკაშვილის განთავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი. ამ მოთხოვნით ევროპარლამენტმა სამი რეზოლუცია მიიღო. სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია და მათ შორის ექიმები. თუმცა, როგორც „ხალხის ძალა“ ამბობს, ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო კაბინეტებსაც ხშირად სტუმრობენ.
„სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ. ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე, თუნდაც, ციხეში შესვლამდე იყო. აქედან გამომდინარე, არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ.
აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის განთავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი. მისივე თქმით, სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ ამბობდა უარს ისეთ გადასხმებზე, რომელიც საკვების ჩანაცვლებას ითვალისწინებდა. რაც შეეხება „ხალხის ძალის“ განცხადებას, როგორც კობახიძე ამბობს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, მაგალითად, როგორ უწოდეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, რატომ მიიღეს კანონი, რომლითაც აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები.
„რატომ ჩატარდა ალტერნატიული და არალეგიტიმური არჩევნები ცხინვალის რეგიონში? ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა სხვა ავანტურისტული ნაბიჯებით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ამას ემატება ღალატი, რაც არის დოკუმენტირებული, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ეწერა, რომ ქართულ ჯარს ჩადენილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულები. „ნაცმოძრაობის“ მოღალტეობრივი ჩანაწერის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, სტრასბურგშიც და ჰააგაშიც დაგვემტკიცებინა, რომ ქართულ ჯარს არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი 2008 წლის ომის დროს.
„ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ომი დაიწყო სააკაშვილმა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს – რატომ ჩაწერეს ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რა იყო ამ ღალატის მიზეზი? ასეც და ისეც, ეს ღალატია. რამ განაპირობა ჯერ წინა ნაბიჯები და შემდეგ კულმინაცია – ევროსაბჭოს რეზოლუცია? – ამაზე გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პიარკამპანიას მსოფლიო მასშტაბით უგეგმავენ, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი მძევალია საქართველოს ომში ჩართვის პოლიტიკური გეგმის განმხორციელებლების ხელში. მისი თქმით, რესურსი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია, დამყარებულია ორ თემაზე – ერთია, რომ იქნებ, სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს და არ ჭამოს და მერე, იქნებ როგორმე, უკრაინელი პოლიტიკოსებისა და „ნაცმოძრაობის“ ეს ერთობლივი მიწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არ მოდუნდეს.
„საქართველოს ომში ჩართვის თემა დღის წესრიგში დღესაც დგას. პრაგმატულად რომ შევხედოთ, ჩვენ პასუხი უნდა მოვითხოვოთ იმ ადამიანებისგან, ვინც პოლიტიკასაა დაწაფებული, პოლიტიკური რესურსი გააჩნია. მილიონებს ხარჯავს და ლამობს ქვეყნის სათავეში მოსვლას არა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამით, ან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის განვითარების თემას ეხება, არამედ უშველებელი სპეკულაციური ლოზუნგებით, რასაც საქართველოს ომში ჩართვა ჰქვია. ნურავინ იტყვის, რომ ეს დაფარული იყო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილი ომის წინ გამოიქცა საქართველოში, რომელმაც საქართველოში მეორე ფრონტის მობილიზაცია ვერ შეძლო და არც კი უცდია. მისი თქმით, როცა ციხიდან გაისმის მოწოდება, ასეთ შემთხვევაში, მომხრეები თვითონ იწყებენ მოქმედებას, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. რაც შეეხება მეორე მხარეს, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ დღეებში ინტენსიურად გადის ინფორმაცია ტელე-ეთერში იმასთან დაკავშირებით, როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული დავით კეზერაშვილი, თემურ ალასანია და რიგი წარმომადგენლები ისეთი ჯგუფებისა, რომლებიც დაკავებული არიან იარაღის უკანონო ვაჭრობით.
„სავარაუდოა, რომ ასეთ საკითხში გარკვეული არის სააკაშვილი. მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიძამისს, სააკაშვილის კაბინეტის წევრი იყო და სავარაუდოა, რომ სააკაშვილმა ბევრი რამ იცოდა ბიძამისისა და კეზერაშვილის მოღვაწეობაზე, რაც უკავშირდება იარაღის ბიზნესს. ეს ცოდნა, რაც აქვს და ეს არაა მარტო კონკრეტული პირები, ეს საერთაშორისო ტიპის გაერთიანებაა და სავარაუდოა, რომ მათ ინტერესში არის სააკაშვილის თავისუფლება.
ასეთი კრიმინალური ჯგუფები ზრუნავენ იმაზე, რომ კაცი გაათავისუფლონ და საჯაროდ სივრციდან ისე გააქრონ, რომ იმ ადამიანს არ შეეძლოს ზედმეტი რამის თქმა, ან ლიკვიდაციას ახდენენ. ამ შემთხვევაში ბიძა ალასანია არის ჩარეული და ლიკვიდაცია, ალბათ, გამორიცხულია, მაგრამ ის, რომ გაიყვანონ თავისუფალ სივრცესში და იქიდან საღსალამათი უკვე უფრო კონკრეტულ ადგილას მოათავსონ, ეს მათ ინტერესში უფრო უნდა იყოს, ვიდრე მეორე ფრონტის გახსნა“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.