მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ.
მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.
გამოძიებით დადგინდა, ასევე რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს LMC-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს LMC-მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანს“ მიმართა.
2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან, ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაიანში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს ,,LMC“-ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა.
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.