შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 მარტს, 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ., მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
