“გვყავდა ავადმყოფი ძმა, მაგრამ დაიკარგა, ჩემთვის ძმა არ არის. მოხდა ისე, რომ გადაეკეტა ტვინი და მოხდა დედის მიმართ ძალადობით სიკვდილი… მარტო იყვნენ სახლში. დაულევია იმ დღეს… ვითომ ფულს სთხოვდაო. დედაჩემს ფული არ გააჩნდა. რაც პენსიონერი გახდა, კაპიკი მაგას ჯიბეში არ ჩაუდია“, – ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხუჩაში მოკლული ქალის შვილი აცხადებს.
მოკლულის კიდევ ერთი შვილი ამბობს, რომ ძმამ დედის მკვლელობა მხოლოდ მეორე დღეს აღიარა.
“ღამის 22:00 საათზე მოვედი და დამხვდა მკვდარი. გადავხადე, დედაჩემს ვტიროდი, ცხედარი სისხლიანი იყო. შუბლზე ჰქონდა ჭრილობა. ჩემმა ძმამ თქვა, გასული ვიყავიო სადღაც და წაქცეული იყოო აქ, სახლში. მეორე დღეს აღიარა, რომ ასე და ასე გავაკეთეო. შეშა ჩავარტყიო. ხელები აქვს დაზიანებული და შუბლი, ზურგიც”, – ამბობს მოკლული ქალის შვილი.
შეგახსენებთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანებები მიაყენა, შედეგად, ქალი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.