7 მაისს, 15 საათზე, კახეთში გარბენი Wings for Life World Run გაიმართება. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ – ორგანიზებით საქართველო ყველაზე მასშტაბურ გარბენს მეათედ უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას 7 000-მდე მორბენალი და გულშემატკივარი მიიღებს. „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. რეგისტრაციის საფასურია 30 ლარი. ღონისძიებაზე შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად. „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მსურველებს რეგისტრირება 4 მაისამდე შეუძლიათ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
2014 წლიდან „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და შემოსული თანხის ოდენობამ 38,3 მილიონ ევროს მიაღწია.