72 წლის ქალი, რომლის შვილიშვილიც მასთან მიმართებაში გარყვნილი ქმედებისა და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, “კურიერთან” სექსუალური სახის შევიწროებას უარყოფს; თუმცა, ქალი აღიარებს რომ შვილიშვილი მას თავისუფლებას უზღუდავდა და გარეთ არ უშვებდა. სექსუალური ხასიათის დანაშაულს უარყოფს ბრალდებულის მამაც.
მეზობლები კი “კურიერთან” დარწმუნებით ამბობენ, რომ ბებიაზე შვილიშვილი სისტემატურად ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე სექსუალურად. ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, რომ 72 წლის ქალმა ეს ამბავი მას გაუმხილა და ხანდახან მასთან ემალებოდა მოძალადე შვილიშვილს. მისივე თქვით, სწორედ მან დაურეკა 72 წლის ქალის შვილს და პრობლემის მოგვარება მოსთხოვა.
მეორე მეზობელი შვილიშვილის აგრესიული ქცევის მაგალითებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა 72 წლის ბებია “თმით შეითრია” სახლში მაშინ, როდესაც ის გამოპარვას ცდილობდა. ის ასევე ჰყვება, რომ მამაკაცი ბებიას საწოლში შიშველი უწვებოდა და ამის მოწმეებიც არსებობენ.
დანაშაულის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა – თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის კაცი ბებიაზე სისტემატიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და შემდეგ, ძარცვისთვის არის ნასამართლევი.
ბებიის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.