მაღალ იერარქებში აზრი მას შემდეგ გაიყო, რაც გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დრამატულად წარმოაჩინა, რომ სააკაშვილს აღარ აქვს კუნთოვანი მასა, კარგავს გონებას, არის ტყავი, გადაკრული უკანა ტყავზე და 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა.
სინოდის წევრთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება დაცული უნდა იყოს და ხელისუფლებამ სამკურნალოდ მისი გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.
„რა თქმა უნდა, უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ. ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი ირჩევენ ხელისუფლებას, ისინი არიან დამქირავებლები და ნებისმიერი ხელისუფლება მათი მსახურია. საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს, არც ერთი ერთმანეთზე უკეთესი არ იყო და ჯერჯერობით არ არის“, – აცხადებს დმანისისა და აგარაკ- ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.
მეუფე ზენონისგან განსხვავებით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უფრო ზოგადად საუბრობენ მიტროპოლიტი გრიგოლი და მიტროპოლიტი ილარიონი.
ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი მიიჩნევს, რომ როცა ადამიანის ჯანმრთელობაზეა საუბარი, აქ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ მის სიცოცხლეზე, რა ვითარებაშიც არ უნდა იყოს იგი, საპატიმროში, თუ მის გარეთ.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის აზრითაც, ყველა ადამიანს უნდა გაეწიოს ყურადღება და, თუ საჭიროა, სამედიცინო დახმარებაც ჩაუტარდეს.
რას შეცვლის მაღალი იერარქების განწყობა სააკაშვილთან მიმართებით?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge- სთან საუბრისას მიიჩნევს, რომ ეკლესიას აქვს სპეციფიკური და განსაკუთრებული ადგილი ქართულ საზოგადოებაში, სასულიერო პირები ყოველთვის ამოდიან ჰუმანიზმის პრინციპებიდან, ამით გამოირჩევიან საზოგადოების სხვა წევრებისგან.
„არ ვიცი, კონკრეტულად ეს სასულიერო პირები რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებას, არც ის ვიცი, ისინი აკითხავენ თუ არა სააკაშვილს კლინიკაში და თვლიან თუ არა, რომ პაციენტი სააკაშვილი მძიმედ არის, თუმცა შესაძლოა, სასულიერო პირებზე იმოქმედა გიული ალასანიას ნათქვამმა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია. რეალურად, ეს საექიმო კონსილიუმის კომპეტენციაა და, ელემენტარულად, სტრასბურგის სასამართლოშიც გაგზავნილია სარჩელი, მაგრამ დღემდე ეს სარჩელი არ განხილულა. რაიმე სერიოზული და საგანგაშო რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლო განიხილავდა ამას. მე ვფიქრობ, საქართველოში ამ დარგის სპეციალისტები არსებობენ და უცხოეთში სააკაშვილის გაგზავნა არ არის საჭირო“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია და იხსენებს სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში როგორ უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ პატიმრები.
პირადად ვახტანგ მაისაია როცა მორგიდან ამოიყვანეს და ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ვერ ინძრეოდა, არათუ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანეს, სამედიცინო პერსონალსაც კი აუკრძალეს მასთან შესვლა, არც რეზბალნიცაზე გადაიყვანეს.
„თავი გატეხილი მქონდა, კბილები ჩამტვრეული და იმ დროს დაზიანებული კბილების მკურნალობა დღემდე სერიოზული თანხა მიჯდება. თუ ამ თანხას ამინაზღაურებს დღევანდელი ხელისუფლება, ცუდი არ იქნება. თუმცა მთავარი პროკურატურა გაჩერებულია ჩემს საკითხთან დაკავშირებით. იმ პერიოდში არ დამიწუწუნია, რომ გადავეყვანე კლინიკაში, არც არავინ გადამიყვანდა. სააკაშვილი კი ახლა ტირის და ბღავის კლინიკაში. ხომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, მოიქცეს ისე, როგორც მთავარსარდალს ეკადრება. მეც ვიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი და არ დამიწუწუნია მორგიდან ამოყვანილ კაცს“, – განმარტა ვახტანგ მაისაიამ.
ყოფილი პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირები თუნდაც სააკაშვილთან მიმართებით სხვა განცხადებას ვერც გააკეთებენ, ყველა მოძღვარი ბრეივიკზეც კი იტყვის, წაიყვანეთ, უმკურნალეთო. როგორი მკვლელი და უკანასკნელი ტერორისტიც არ უნდა იყოს ადამიანი, თავისი მრწამსიდან, სიყვარულიდან და ლმობიერებიდან გამომდინარე, სასულიერო პირები მათზე ლოცულობენ. თუმცა შეიძლება ცალკეული სასულიერო პირები პოლიტიკური მოსაზრებითაც ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მათზე არ ღირს საუბარი.
რაც შეეხება სააკაშვილის ოჯახს, თორნიკე მოლაშვილი ფიქრობს, რომ დედამისს დიეტაზე ჰყავს პაციენტი, საკმარისი კალორაჟი არ მიაქვს შეგნებულად, სულ ახლახანს ახალი კარტოფილი მიუტანა შვილს და საქართველოს გაუხარდა, კარტოფილი ჭამა მიშამ და აწი საქართველო „გადარჩებაო“.
„საგიჟეთია უკვე. რას ემსახურება ასეთი განცხადებები, რომ სააკაშვილს თურმე გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, დავარდა, ძვალზე გადაკრული ტყავია, ეს იმისთვისაა გათვლილი, რომ უცხოეთში გადაიყვანონ. სინამდვილეში, ამ სიტუაციიდან გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი ციხეში უნდა გადაიყვანონ, ეგ არის თაღლითი პიროვნება, ეგ ადამიანი საზღვარზე როგორც კი გადავა და გადაკვეთს საზღვარს, მომენტალურად წონაშიც მოიმატებს, ფეხზეც დადგება, ხინკალსაც შეჭამს, რაც ყველაზე მეტად უყვარს, და ისევ ამ ქვეყნის ნგრევას დაიწყებს, ოღონდ საზღვარგარეთიდან. ამ თაღლითმა და მკვლელმა პიროვნებამ თავი გაიბითურა, შეირცხვინა, ლოგინიდან ვარდები, შე ოჯახაშენებულო, პრეზიდენტი იყავი, ღირსება სად გაქვს?! ყველას გვახსოვს ქალბატონმა ნორა კვიციანმა როგორ ღირსეულად მოიხადა სასჯელი. სააკაშვილი კი რას ხტუნაობს და რას დახტის, ციხეშიც არ ხარ, სასტუმროში გდიხარ, შე უპატრონო, კაცურად მაინც მოიხადე სასჯელი სასტუმროში, მაგრამ რაშია, იცით, საქმე? ძალიან ძნელია, როცა ძალიან დიდი ფული გაქვს ადამიანს, ვერ ხარჯავ, „ვივამედში“ ხარ და ვერ გამოდიხარ სასტუმროდან. მიხეილ სააკაშვილი იმ თითოეულ დღეს, რაც უნდა გაატაროს კლინიკაში, წარმოიდგინეთ, რამდენ ორგიას მოაწყობდა ამ ფულებით, რამდენ ცოლს მოიყვანდა, კიდევ რამდენი შვილი ეყოლებოდა, რამდენ კოკაინს იყნოსავდა, ეს ყველაფერი მას აკლდება, ამაზეა გამწარებული, თორემ საქართველოს დარდი როდის იყო, რომ სააკაშვილს ჰქონდა?!“ – აცხადებს თორნიკე მოლაშვილი ჩვენთან საუბრისას.