რუსეთში სამთავრობო კლანებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რაც სამხედრო გადატრიალების წინაპირიბას ქმნის. ამის ნათელ მაგალითად ანალიტიკოსებს „ვაგნერის“ გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელის და ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის განცხადებები მოჰყავთ. ფაქტობრივად, პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ღია ომი გამოუცხადა.
პრიგოჟინი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ „ვაგნერი“ 10 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს დატოვებს, ვინაიდან „მისი ბიჭები“ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. პრიგოჟინის სიტყვებით, 9 მაისისთვის ქალაქ ბახმუტის აღებას აპირებდნენ, მაგრამ 1 მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა იარაღის მიწოდება შეუწყვიტეს. „მათ ჰგონიათ, რომ ისტორიაში ისინი შევლენ გამარჯვებულებად, თუმცა ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ მშიშრებად“, – ამბობს პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში, რომელსაც ტელეგრამის არხზე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ პრესსამსახური ავრცელებს.
სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ამავე ვიდეოში რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს და მოუწოდებს, რომ საბრძოლო მასალა დროულად მიაწოდონ.
პრიგოჟინის თქმით, რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები მდიდრულ კაბინეტებში არიან მოკალათებულები, საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო კი, რუსი ჯარისკაცები იხოცებიან.
„ვინც საბრძოლო აღჭურვილობას არ გვაძლევს, ჯოჯოხეთში მოხვდებიან, სამხედრო მასალისა და აღჭურვილობის 70%-იანი ნაკლებობა გვაქვს, შოიგუ, გერასიმოვ სად არის საბრძოლო მასალა?! თქვენი შვილები მდიდრული ცხოვრებით ერთობიან და YouTube-ზე ვიდეოებს იღებენ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ცხოვრების მეპატრონეები ხართ და უფლება გაქვთ ჯარისკაცების სიცოცხლე განკარგოთ, ფიქრობთ, რომ თუ თქვენ რაკეტების საცავები გაქვთ, ამ ყველაფრის უფლება გაქვთ. ელემენტარული გამოთვლები არსებობს, თუ თქვენ საბრძოლო მასალას ნორმალურად გაანაწილებთ, გარდაცვლილების რაოდენობა 5-ჯერ ნაკლები იქნება. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან იმისთვის, რომ თქვენ, თქვენს მდიდრულ კაბინეტებში ისხდეთ, გაითვალისწინეთ ეს”, – განაცხადა პრიგოჟინმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან 15 აპრილს განაცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უკრაინაში ომი დროულად უნდა დასრულდეს, რადგან ხანგრძლივ კონფლიქტს შესაძლოა რუსეთის დაშლა მოჰყვეს.
ტელეგრამით გამოქვეყნებულ განცხადებაში პრიგოჟინმა მოსკოვს მოუწოდა უკრაინაში თავისი მიზნები „მიღწეულად“ გამოაცხადოს და დაასრულოს იქ მიმდინარე ბრძოლა. პრიგოჟინის თქმით, „ბევრი მათგანი, ვინც გუშინ მხარს უჭერდა საგანგებო ოპერაციას, დღეს ან ეჭვებშია, ან კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება“.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ პრიგოჟინი რუსეთში საკამოდ გავლენიან სამხედრო-პოლიტიკური კლანის წარმომადგენელია, რომელიც კრემლის პოლიტიკური ვერტიკალის შიგნით სერიოზულ ამინდს ქმნის. ამიტომ მისი განცხადებები და მუქარა შოიგუსა და გერასიმოვის მისამართით საკმაოდ საყურადღებოა, რადგანაც ამან შესაძლოა რუსეთში კლანებს შორის დაპირისპირება და სამხედრო გადატრიელბაც კი გამოიწვიოს.
„დღეს რუსეთში დაახოებით, 6 კლანია, რომელთა მეშვეობითაც ვლადიმერ პუტინი ქვეყანას მართავს. თუმცა ორი ყველაზე ძლიერი კლანია, რომელიც ახლა ერთმანეთს ღიად უპირისპირდება. ეს არის „ვაგნერის“ კლანი, რომელშიც სხვათა შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის სარდალი ზოლოტოვი შედის. რამზან კადიროვი, ევგენი პრიგოჟინი და პუტინთან დაახლოვებული ოლიგარქი ძმები როტენბერგები. ამავე კლანთან, როგორც ჩანს, გადმოვიდა ყველაზე გავლენიანი რუსი პოლიტიკოსი ფილიპ როგოზინი. მეორე კლანში არიან სამხედროები: შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი. ასევე ვიქტორ შელეზოვი, რომელიც რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის თავმჯდომარეა.
ამ ორ დაჯგუფებას შორის, რომლებიც დანარჩენებისგან უფრო ძლიერები არიან, გავლენებისთვის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყო. შესაბამისად, რუსეთში, ვფიქრობ, სასახლის „მცოცავი“ სამხედრო გადატრიალება დაიწყო. პრიგოჟინი რუსეთში ძალიან გავლენიანი და ძლიერი ფიგურაა. მას აქვს ძალიან დიდი ფული, ის მილიარდერია. მას აქვს ძალიან კარგად შეიარაღებული და მაღალ დონეზე გაწვრთნილი სამხედრო დაჯგუფება, რომელიც 50 ათას სამხედროს ითვლის. მას ჰყავს მძიმე არტირელია და ავიაცია; კარგად განვითარებული სამხედრო ბაზები აქვს და დიდი დაფინანსება გააჩნია. მისი დაფინანსება ამ ეტაპზე, 3 მილიარდს შეადგენს. ამიტომ პრიგოჟინი, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ველზე გამოდის. ის ლიბერალური პარტიის არაფორმალური ლიდერია. პრიგოჟინმა ასევე პრეტენზია რუსეთის პრეზიდენტობაზეც კი წამოაყენა და დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამიტომ მას დასაკარგი არაფერი აქვს, ეს პირდაპირი მუქარაა, წითელი ხაზის დარღვევა, ის უკვე აღარაფერს ერიდება და სავარაუდოდ, ყველაფრისთვის მზად არის“, – ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, არ არის გამროიცხული კრემლზე დრონებით შეტავა პრიგოჟინის ორგანიზებულიც კი იყოს. მაისაია ამბობს, რომ ეს შესაძლოა, პუტინის გაფრთხილებაც იყო, რომ თუკი ის პრიგოჟინის და მისი კლანის მოთხოვნებს არ მიიღებს, პასუხს მასაც მოსთხოვენ. რაც შეეხება ბახმუტზე ამ დაპირისპირების გავლენას, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დიდ გავლენას მოახდენს და კლანებს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
„დაახლოებით 10-მდე ძალიან გავლენიანი გენერალი პრიგოჟინის მხარეს გადავიდა. ისინი მისი შტაბის ხელმძღვანელები გახდნენ. ამ დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ბევრი უკვე კარგად ხვდება რუსეთს წაგების შემთხვევაში რა ბედიც ელის. უფრო სწორად, ვლადიმერ პუტინის ირგვლივ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ამიტომაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. ისინი ცდილობენ, ომში ქულები დაიწერონ და ამით რუსულ საზოგადოებაში გავლენა მოიპოვონ. პირგოჟინმა უკვე დააყენა ულტიმატუმი რომ ბახმუტიდან 10 მაისს გადის. ის „ვაგნერს“ რუსეთის შიგნით გადასხამს და დაელოდება შესაბამის პერიოდს. არ ვიცი, რა პერიოდს შეიძლება ის დაელოდოს, მაგრამ გაბრაზებული პრიგოჟინი არ მგონია სიკეთის მომტანი იყოს. ალბათ, ბახმუტში „ვაგნერს“ რუსეთის სადესანტო შენაერთები ჩაანაცვლებენ. პრიგოჟინი, როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრობას უმიზნებს და არ მგონია ამ ყველაფერმა ასე მშვიდად ჩაიაროს“, – ამბობს მაისაია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინს ნაკლებად დაეჯერება, რადგან მას ბაქი-ბუქი და ტყუილები ახასიათებს. კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრიგოჟინს ნამდვილად დიდი გაველნა და საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიარაღებული ორგანიზაცია აქვს, თუმცა მისი ეს განცხადებები უფრო ყურადღების მისაქცევად არის გაკეთებული. ის ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ რუსების და ასევე პუტინის თვალში მისი დანაყოფის მნიშვნელობა გაზარდოს.
„რუსულ არმიაში და საერთოდ, კრემლში რომ შიდა დაპირისპირება არსებობს, ეს ცხადია. ეს არის კლანებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. პრიგოჟინია ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ამ ომში თავის გამოჩენა უნდა. პრიგოჟინის ნდობა ნაკლებად შეიძლება. ერთ დღეს აგინებს თავდაცვის მინისტრს და გენშტაბს, მეორე დღეს მადლობებს უხდის. როდის როგორ აწყობს, ისე ლაპარაკობს. საინტერესო ისაა, რომ პრიგოჟინს „გასპრომიდან“ დიდი მხარდაჭერა აქვს და „ვაგნერი“ სწორედ აქედან ფინანსდება, თუმცა მას ბახმუტში კონკურენტი მეორე კერძო კომპანია გამოუჩნდა, რომელიც „როსნეფტის“ მიერ არის დაფინანსებული. ასე რომ, იქ ძალიან დიდი ნარევია. ბახმუტშია ადგილობრივი მილიცია, კერძო კომპანიების შეიარაღებები და მედესანტეები. მხოლოდ ბახმუტის აღებისთვის რუსებს 26 ათასი კაცი ჰყავთ მობილიზებული. პუტინს სურს, რომ 9 მაისს ბახმუტი სრულად ხელთ ჰქონდეს, რომ რუსები რაღაცით აზეიმოს, ხელცარიელი არ იყოს. უკრაინელები კი ცდილობენ, რომ სწორედ, პუტინს ეს საჩუქარი არ გაუკეთონ და ერთი სახლიც კი რომ დარჩეთ მხოლოდ, იტყვიან ბახმუტი მაინც არ დაეცაო. ამიტომ, სწორედ ამისთვის დიდი დაპირისპირებაა კრემლში დაწყებული. პრიგოჟინის მიერ გერასიმოვის და შოიგუს ლანძღვა სწოერდ ამით არის განპრობებული“, – ამბობს კაპანაძე.