საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს დირექტორს, პოლკოვნიკ მანფრედ კლაფუსსა და ბიუროს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გერმანელ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი მიესალმა და ვიზიტისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული თანმიმდევრული, პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნეს. ვიზიტისა და საუბრის ძირითად თემას საქართველოში ნატოსთან თავსებადი ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს ჩამოყალიბების პროცესისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების მხარდაჭერა წარმოადგენდა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოდიფიკაციის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით მამულაიშვილმა და პოლკოვნიკმა მანფრედ კლაფუსმა, რომელიც ამავდროულად ნატოს კოდიფიკაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.
თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და მის ლოჯისტიკურ სამსახურებს ნატოელ პარტნიორებთან უფრო მეტად თავსებადს გახდის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.