საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმასრულებელი საბჭოს წევრ კრისტიანე ლაიბახს და ბანკის დელეგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას გერმანული მხრიდან დაესწრნენ – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერონიკა გარსია დელ არკო, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შვილობილი კომპანია DEG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი მონიკა ბეკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესი. ქართული მხრიდან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის წარმატებულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობის მიერ KfW-სა და სხვა გერმანული ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით გაწეული დახმარებისთვის.
როგორც აღინიშნა, KfW-ის მეშვეობით გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.