გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რაც უკრაინელებს აგრესორისგან ეფექტურად დაცვაში დაეხმარება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გთავაზობთ ძალიან თანამედროვე, ძალიან ეფექტურ, ხარისხიან იარაღს, რომელიც დაგეხმარებათ თავის დაცვაში… ჩვენ არ ვჩერდებით. ჩვენ ახლახან გადავწყვიტეთ გადმოგცეთ ახალი, 2,7 მილიარდ ევროს ოდენობის პაკეტი“, – განაცხადა შოლცმა.
მან აღნიშნა, რომ ახალ პაკეტში შედის დამატებით Marder ქვეითი საბრძოლო მანქანები, Leopard 1 ტანკები, Gepard საზენიტო სისტემები, Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემები და ა.შ.
კანცლერის თქმით, ომის დაწყებიდან გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 17 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა გაუწია და ჰუმანიტარული, ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება “სანამ ეს საჭირო იქნება”.
კანცლერმა ასევე დასძინა, რომ პარტნიორები მზად არიან უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაუჭირონ მხარი, რომ ეს არის გზავნილი მოსკოვისთვის და რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია თავის პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს რუსი აგრესორების პასუხისგებაში მიცემას. “დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”, – აღნიშნა კანცლერმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის იმპერიული გეგმები და იდეები ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გერმანიაში პირველად იმყოფება.”