როგორც კი მიწვევა მივიღეთ მალევე დავიწყეთ ამ ყველაფრისთვის მომზადება და კავშირი საკონსულოსთან, – ამის შესახებ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„მართვეს“ არანაირი პრობლემა არ ჰქონია არც ვადებში, არც ამ ყველაფრისთვის დროულად მომზადებაში. დღესაც მზად ვართ, ხვალ რომ დაგვიბაროს საკონსულომ ვიზის მისაღებად გასაუბრებაზე ჩვენ შევალთ. მაგრამ ახლა ძალიან დაგვიანებულია, რადგან ივლისში გასტროლი უნდა იყოს და როცა გეუბნებიან, რომ ამ წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა შემოხვიდე, ეს არარეალურია. გული გვწყდება, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ამ ორ ფესტივალზე მომავალში მოვხვდებით“, – აღნიშნა მიშო ჯავახიშვილმა.
ამერიკის საელჩომ ანსამბლ „მართვეს“ – 50 ბავშვს შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე პრობლემები შეუქმნა. საელჩომ ჯგუფს სააპლიკაციო განაცხადების ერთობლივ განხილვაზე უარი უთხრა და ინდივიდუალური გასაუბრება შესთავაზა, თუმცა ამის შესაძლებლობა, განრიგის მიხედვით, მხოლოდ ნოემბერში აქვთ. ეს მაშინ, როდესაც კონცერტი ივლისში იგეგმება. ყველაფერი კი შეთანხმებული და ორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით.