ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის დროს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს „პუტინის მლიქვნელს“ ეძახდა და ცემით ემუქრებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ბორის ჯონსონის ყოფილ მთავარ თანაშემწეზეზე, გუტო ჰარიზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაუნინგ სთრითის კომუნიკაციების ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ „ბორის ჯონსონი მაკრონზე გაბრაზდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პასუხი უკრაინულ ლტოლვილთა კრიზისზე“. ჰარის თქმით, ჯონსონმა მთავრობის სხდომაზე მაშინ მიუთითა მაკრონის დაზიანების სურვილზე და ანტიფრანგული შეურაცხყოფა გამოიყენა.
„საჭიროა ხელთათმანების მოხსნა. ბაყაყების ცემის ორგია გვჭირდება. მომიწევს მისი ძლიერად ცემა“, – ამბობდა ბორის ჯონსონი მთავრობის სხდომაზე.
გუტო ჰარის განცხადებით, ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი ერთ კვირაში შერიგდნენ.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ბორის ჯონსონს პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა ემანუელ მაკრონთან და პარიზს და ლონდონს ხშირი უთანხმოება ჰქონდა „ბრექსიტის“ შემდგომ ვაჭრობაზე. მაკრონმა საჯაროდ გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს „ასტრა ზენეკას“ კორონავირუსის ვაქცინა.