ვიწყებთ კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს – უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 10 ივნისს დაიწყება, რის გამოც ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ეს თანმხლები დისკომფორტი აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგრამ მინდა, დედაქალაქის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ ყველა პროექტი კეთდება ფუნდამენტურად, ხარისხიანად, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული რეაბილიტირებული ქუჩა და გამზირი წლების განმავლობაში იქნება გამართული და გადაადგილებისას კომფორტული.
პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 17 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება“, – აცხადებს დედაქალაქის მერი.