უზარმაზარი წვლილი მიუძღვის 12 რეკომენდაციის შესრულებაში ირაკლი კობახიძეს, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური ამოცანაა, რომელიც ამ ეტაპზე 9 პრიორიტეტამდე არის დასული.
„12 რეკომენდაციისგან განსხვავებით, აქ უფრო გამოკვეთილია აღმასრულებელი ხელისუფლების როლი, თუმცა, რა თქმა უნდა, პარლამენტსაც აქვს გარკვეული როლი შესასრულებელი ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი, როგორც პარლამენტში, ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისაც ეს იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არჩევნებამდე პერიოდში. მიზანი არის, რომ წინ წავიწიოთ, გადავდგათ ნაბიჯები, რაც შესაძლებლობას მოგვცეს ევროკავშირის მხრიდან მეტი გახსნილობა დავინახოთ შემდგომ ეტაპებზე გადასასვლელად. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.
რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის როლს, ის უშუალოდ იყო ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. მას დიდი როლი და წვლილი მიუძღვის ამ ღონისძიებების განხორციელებაში, დაგეგმვაში და დარწმუნებული ვარ, ის ასევე აქტიურად იქნება ჩართული უკვე 9 პრიორიტეტის შესრულებაში, უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების ქოლგის ქვეშ და ეს აქტიური პრიორიტეტი იქნება მისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.