თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 2 მლრდ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილება, ხოლო შემდეგ თბილისის საკრებულოს წარედგინება.
„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება დღეს მთავრობაზე და წარედგინება თბილისის საკრებულოს. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან, ასევე, გარკვეული კომპონენტი გახლავთ გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხები.
საერთო ჯამში, 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს – 1 763 000 000 (1 მილიარდ 763 მილიონ) ლარს ემატება დაახლოებით 237 მლნ ლარი, რის შედეგადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 2 მლრდ ლარს მიაღწევს.
აღნიშნული დამატებითი თანხებით გათვალისწინებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტების გათვალისწინება.
ვიწყებთ პროცედურებს, რომ დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. როგორც მოგეხსენებათ, შესყიდულია 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, 50 ერთეული უკვე თბილისშია, ხოლო დანარჩენი 110 ერთეული წლის ბოლომდე შემოვა. ჩვენი გეგმა იყო 200 ავტობუსი. სასიხარულოა, რომ გამოიძებნა ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი და შევისყიდით დამატებით რაოდენობას – უახლოეს დღეებში დაიწყება პროცედურები ტენდერის ჩასატარებლად.
ჯანდაცვის სამსახურში, სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოიყოფა 4 300 000 (4 მლნ 300 ათასი) ლარი ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს ემატება დაახლოებით 17 მლნ ლარი სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. მათ შორის არის მუხიანის აგარაკების კანალიზაციის პროექტი და გარე განათება სამგორში, გახოკიძის ქუჩაზე.
გარემოს დაცვის სამსახურს 36 მლნ ლარი ემატება. აქედან 10 მლნ ვაკის პარკისთვის, სამხედრო ქალაქში ახალი პარკის მოსაწყობად – 6 მლნ ლარი, ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის -10 მლნ ლარი, გლდანის ტბისთვის – 5 მლნ ლარი, ასევე 5 მლნ ლარი – სხვადასხვა სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოსაწესრიგებლად.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით გამოიყოფა 19 მლნ ლარი, საიდანაც 13,5 მოხმარდება ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხოლო 5 მლნ ლარი – დიღმის მასივში სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოებს.
„თბილსერვის ჯგუფს“ ეძლევა დაახლოებით 37 ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მათ შორის, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და დამატებითი სპეცტექნიკის შესასყიდად, ასევე გამგეობებს ემატება ჯამში 13 მლნ ლარი“,- აღნიშნა კალაძემ.