6-7 თებერვლის სტიქია თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განვითარდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაზიანებულია 1000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
„დიდთოვლობა, უხვი ნალექი და მეწყრული პროცესები რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში დაფიქსირდა. თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ორი დღის განმავლობაში იყო უხვი ნალექი. დაზიანებულია ათასზე მეტი სახლი. მარტო იმერეთის რეგიონში 780 სახლი დაზიანდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები, სკოლები და საბავშვო ბაღები. მუშაობა მიმდინარეობს ყველგან. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგია უმეტეს სოფელს მიეწოდება, იწმინდება გზები“, – აღნიშნა ბარნაბიშვილმა.