როცა ოპონენტებს იდეა ან ალტერნატიული ხედვა არ აქვთ, სამწუხაროდ, ასეთ პრაქტიკას მიმართავენ – რაღაც სიბინძურე თქვან, ვინმეს დააბრალონ და ვისაც დააბრალებს, იმას მოუწევს ამის უარყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებაზე, რომელთა თქმითაც, ირაკლი კობახიძე არის არჩევნების გაყალბებების მიზნით პრემიერად დანიშნული „შავი სალაროს მოლარე“.
„ეს არის ცილისწამება ჭორაობის დონეზე, რაც იმას ემსახურება, რომ როცა ოპონენტს იდეა ან ალტერნატიული ხედვა არ აქვს, სამწუხაროდ, ასეთ პრაქტიკას მიმართავენ – რაღაც სიბინძურე თქვან, ვინმეს დააბრალონ და ვისაც დააბრალებს, იმას მოუწევს ამის უარყოფა. მარტივი გათვლაა – ადამიანი სხვაზე ცუდს უფრო ადვილად იჯერებს, ვიდრე კარგს. ირაკლი კობახიძე წესიერებით გამოირჩევა. როცა პარტია ჩიხში შედის, მაშინ იწყება სწორედ ცილისმწამებლური განცხადებების კასკადი. როცა პარტიას თავისი დღის წესრიგი აქვს, მას ცილისმწამებლური განცხადებების კეთება არ სჭირდება. საკუთარი თავის აქტუალიზაციას სწორედ ასეთი ტყუილებით მანიპულირებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.