„ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გასტანოს იმ ტყუილმა დაპირებებმა, რომლებსაც აცხადებენ – მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს არის მათი ე.წ. წინასაარჩევნო ტრიუკები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რუსეთს სანქციები უნდა დაუწესო, რაც უდრის ეკონომიკის მინიმუმ 10%-იან ვარდნას ქვეყანაში. ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას? როგორც ჩანს, „ლელოს“ თავისი ფორმულა აქვს“, -აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ლელოს“ საარჩევნო დაპირება ათასლარიან პენსიაზე, მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი პოპულისტური განაცხადია. სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რა ეკონომიკური გათვლით აპირებს ხაზარაძე – ჯაფარიძის პარტია დაპირების შესრულებას, როდესაც აანონსებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.
„ლელო“ სახელისუფლებო პარტიის კრიტიკას არ იზიარებს და პასუხობს , რომ დაპირების შესრულება შესაძლებელია.