აჭარის ტურისტული პროდუქტების პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ამჯერად დანიისა და უნგრეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარა და ზოგადად, საქართველო დანიელი და უნგრელი ვიზიტორებისთვის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც გამოფენებზე ქვეყნის ტურისტულმა მიმართულებებმა ვიზიტორების დაინტერესება გამოიწვია. გამოფენების მიმდინარეობისას შეხვედრები გაიმართა სარეკლამო კომპანიების, ასოციაციების, ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, აღნიშნული ქვეყნებიდან აჭარაში პრეს და ინფოტურების ორგანიზება იგეგმება.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად 30-მდე საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები.