კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. მანქანის მძღოლს, 35 წლამდე მამაკაცს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური .
„ჩემი ინფორმაციით, ერთი ადამიანი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს და მისი გადარჩენა მოხერხდა. ერთი გარდაიცვალა. ახლა მაშველები ეძებენ მანქანის მძღოლს, რომელიც წყალმა გაიტაცა. მანქანაში მჯდომი სამივე პირი ადგილობრივია, კავთისხეველები არიან”, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, მიხეილ კელაპტრიშვილმა.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე იმყოფება ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი და დრონებით დათვალიერება.