კახა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მოგონებას აქვეყნებს.
“😥😥😥
“ამას წინათ ერთი უცხოელი ჟურნალისტი მეკითხებოდა, მამათქვენის დასაფლავების ეპიზოდებიდან რას გაიხსენებდითო. მიუხედავად იმისა, რომ მას ფაქტობრივად ოთხჯერ მოუწია გადასვენებამ, მე მხოლოდ ორი მომენტი მაქვს თავში განსაკუთრებით აღბეჭდილი და ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება.
პირველად, როცა გროზნოში გადმოასვენეს 1994 წლის თებერვალში, პრეზიდენტ დუდაევის სასახლეში. სამოქალაქო პანაშვიდებზე უამრავი ხალხი მოდიოდა. იყო უამრავი ყვავილი, გვირგვინები, დროშები….
ერთი მაღალი წვერებიანი ახალგაზრდა ჩეჩენი დამამახსოვრდა, რომელიც მაღალმთიანი სოფლიდან ფეხით ჩამოსულიყო და კავკასიური ცისფერი ნაძვის ორი პატარა ტოტი მოეტანა, მას ერთი ფეხი ჰქონდა დაკარგული. მახსოვს მივედი და დახმარება შევთავაზე, მაგრამ არ გამიკარა. ილოცა წუთიერად, ჩუმად და წავიდა, ისე რომ ერთ ფეხზე ბევრ ორფეხაზე უკეთ იდგა. იყო რაღაც ბიბლიური ამ სცენაში. ალბათ ასეთი იყო ღმერთთან მებრძოლი იაკობი ან ქვრივი, რომელმაც ტაძარში ორი ლეპტა მიიტანა.
მეორედ, საქართველოში გადმოსვენებისას, როცა შუაღამეს სტეფანწმინდიდან მოვდიოდით. კორტეჟი ელვასავით მოჰქროდა თოვლიან სერპანტინზე, გზაზე უამრავი ხალხი გამოსულიყო. სადღაც ფასანაურამდე არმისული, ფარების შუქზე, მარჯვნივ, განცალკევებით მდგომი თავსაფრიანი ქალი და ბავშვი გამოჩნდნენ. ქალს ხელში, რაღაც სინის მაგვარი ეკავა, რომელზეც ბევრი სანთელი ენთო. კარგა ხანი უნდა მდგარიყვნენ, რადგან ორივეს თოვლი ედო მხრებზე….
სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა”….
ცოტნე გამსახურდია”