საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი – სამ ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. ქვეყანაში სახელმწიფოს მხარდაჭერით 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შექმნიათ; ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესში, რომ ფერმერებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა და ხორბლის აღება-დაბინავება ორგანიზებულად მოხდეს.
ოთარ შამუგია ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის ნათეს ფართობზე იმყოფებოდა, სადაც ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. ფერმერს 700 ჰა-ზე აქვს ხორბალი დათესილი.
ნუგზარ ალუღიშვილმა ერთწლოვანი კულტურების მოყვანისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნობრიობით სესხის თანხამ 100 000 ლარი შეადგინა. ამავე პროგრამის საშუალებით შეიძინა ოთხი ერთეული ტრაქტორი, რომლის ფარგლებშიც 563 000 ლარი აგროკრედიტი აიღო.
როგორც ფერმერმა ნუგზარ ალუღიშვილმა განაცხადა, 2023 წელს მოსავლიანობა 1 ჰა-ზე სამ ტონას აღწევდა, წელს კი ერთ ჰა-ზე 4.5 ტონას მიიღებს. აღნიშნული ზრდა სწორმა ტექნოლოგიურმა მიდგომამ და კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ წელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.