ძლიერმა წვიმამ ოზურგეთში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის სამუშაოებში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ვითარებას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
„ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია ქალაქ ოზურგეთის ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები.
ამ წუთებში, მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური; სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება – გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და “ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები სრულად არიან ჩართული. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.