საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ალვანში იმყოფებოდნენ და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ისინი თავდაცვის სამინისტროს მეოცე ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ეროვნული გმირის სახელობის მემორიალთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს.
სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში შეკრებილები აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთ გმირებზე დგას საქართველო.
„პატივს მივაგებთ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა გმირების ხსოვნას, ვინც საქართველოსთვის შესწირა თავი. მათი დაღვრილი სისხლი არის, რა თქმა უნდა, სისხლი, რომლითაც საქართველო თავის მომავალსაც იკვალავს და ეს მომავალი იქნება აუცილებლად მშვიდობიანი, განვითარებაზე ორიენტირებული და ამ გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომტანი“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.