7-8 სექტემბერს, სამეგრელომ გემო ფესტს პირველად უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. გასტრონომიული ფესტივალის მნიშვნელობაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ისაუბრა.
„გემო ფესტი პირველად ჩატარდა სამეგრელოში. ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა. გემო ფესტს ტურისტული პროდუქტის, გასტრო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვთავაზობთ ტრადიციული გემოების ახლებურ ვერსიას. სამეგრელოში ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო ეგრეთ წოდებული „სთრით ფუდი“, რაც მეგრული სამზარეულოს ახალ ვერსიებს, ასე ვთქვათ, მოყვა. ძალიან ბევრი სტუმარი ეწვია ფესტივალს 2 დღის განმავლობაში. პირველ დღეს ერთად ვუგულშემატკივრეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გამარჯვება ერთად გავიზიარეთ. ეს გამარჯვების ელფერი ძალიან მოუხდა გემო ფესტს და დღეს. მეორე დღეს, მგზავრები წარდგნენ კონცერტით და ვფიქრობ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველ მოგზაურებს თუ საერთაშორისო მოგზაურებს, სამეგრელოს გემო ფესტი ძალიან მოეწონათ და ვნახოთ რა იქნება შემდეგი ლოკაცია“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.
გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.
გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.
გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.