ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა და ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიზარდა 10 თეთრით, შესაბამისად, სამეწარმო გადამუშავებისთვის მანდარინის ფასი 40 თეთრი იქნება.
მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა და მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.