შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ჩვენ რეალური ოპოზიცია არ ვართ და მხოლოდ ფასადური ოპონირება უნდა გავწიოთ. მე არ ვამბობ, რომ ხვალვე დავიწყებთ ოპონირებასა და კრიტიკას, არა, ამას საკითხები დაგვანახებს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ოპოზიცია და ეს იქნება – „ხალხის ძალა“.
„საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის ნიშა ცარიელია. მმართველ პარტიასთან ჩვენ გვაერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება – სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მსახურება. მმართველ პარტიასთან ოპონირება გვექნება სხვადასხვა საკითხზე იმისთვის, რომ უკეთესად შემუშავდეს ესა თუ ის კანონპროექტი, უკეთესად დავგეგმოთ ესა თუ ის პოლიტიკა. ჩვენ დავიკავეთ ის ნიშა, რომელიც იყო ცარიელი და რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.