გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო, თუმცა მანამდე კანონმდებლების წინაშე სიტყვით კანცლერი წარდგა და გერმანიის სამომავლო ინვესტიციებისა და უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.
კანცლერი ასევე შეეხო მისი სამთავრობო კოალიციის დაშლის საკითხს და კოალიციიდან თავისუფალი დემოკრატიული პარტიის გასვლას, რომელიც ხელისუფლების საბოტაჟში დაადანაშაულა.
„ბუნდესტაგის არჩევნების დანიშვნა ჩემი მიზანია. ამ არჩევნებში მოქალაქეები შეძლებენ, განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი. სწორედ ამიტომ ვაყენებ დღეს ნდობის საკითხს. პოლიტიკა თამაში არ არის. მთავრობაში შესვლა მორალურ სიმწიფეს მოითხოვს. ნებისმიერი, ვინც მთავრობაში შევა, მთელი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებელი ხდება. ეს სცდება პარტიასა და თქვენს ამომრჩევლებს. ეს 84 მილიონი მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობაა“, – განახადა შოლცმა.
გერმანიის კოალიციური მთავრობა 6 ნოემბერს დაიშალა, როდესაც კანცლერმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის საპასუხოდაც კოალიცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, კანცლერი გერმანიის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის საკითხით მიმართავს, რის შემდეგაც, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.