გერმანულმა საგამოძიებო მედიასაშუალება Table.Briefings-მა გამოავლინა გერმანელი ევროპარლამენტარისა და „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, მანფრედ ვებერის ძალზე დიდი ხარჯები ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, გერმანელი ევროპარლამენტარი, რომელიც ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ევროპარლამენტისგან ანაზღაურებას (წელიწადში 100 000 ევრო) იღებს მძღოლთან ერთად ლიმუზინის მომსახურებით სარგებლობისთვის თავის მშობლიურ ქალაქ კელჰაიმში, სადაც ის საოლქო საბჭოს წევრად აირჩიეს.
გარდა ამისა, მანფრედ ვებერს ასევე აქვს VIP წვდომა მიუნხენის აეროპორტში – პრივილეგია, რომელიც წელიწადში 10 000 ევროზე მეტი ღირს.
მანფრედ ვებერთან დაკავშირებით პირველი მსგავსი შემთხვევა 2020 წელს გამოვლინდა, როდესაც გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ინფორმაცია გაავრცელა ბელგიაში რეგისტრირებული ლიმუზინის შესახებ CD მარკირებით – დიპლომატიური კორპუსისთვის.
კიდევ ერთი სადავო საკითხი: მანფრედ ვებერის მიერ მიღებული ორმაგი ხელფასი. 2023 წლის 11 თებერვალს Spiegel-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმად, „პარტიის ლიდერის დამატებითი ხელფასი უჩვეულოა“.
2024 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ევროპარლამენტის წევრის ყოველთვიურმა შემწეობამ შეადგინა 8 419 ევრო.
მანფრედ ვებერი ასევე იღებს დანამატს 4950 ევროს ოდენობით თვეში, რომელიც გამიზნულია ისეთი ხარჯების დასაფარად, როგორიცაა ოფისების დაქირავება, IT აღჭურვილობა და საოფისე მასალების შეძენა, სატელეფონო ან ინტერნეტ მომსახურება.
თუმცა, მანფრედ ვებერი „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის პოსტზე წელიწადში 170 640 ევროს იღებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირის“ მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, მანფრედ ვებერი ყველაზე მაღალანაზღაურებად ევროპარლამენტარებს შორის მეხუთე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტი ევროპარლამენტარების მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ოფიციალური და ინდივიდუალური მისიებისთვის ახორციელებს, ხოლო ბავარიაში ლიმუზინით სარგებლობა სცდება ამ ჩარჩოებს.
„ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დანამატების გადარიცხვა პირდაპირ პირად საბანკო ანგარიშზე არ მოხდეს, როგორც ეს ამჟამად ხდება, რადგან ეს თანხები პროფესიული ხარჯებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ ასევე გვინდოდა, რომ თითოეული დეპუტატის ხარჯი ყოფილიყო დასაბუთებული და შემოწმებული. ორივე მოთხოვნაზე უარი მივიღეთ. ბევრი ევროპარლამენტარი აფერხებს გამჭვირვალობის ზომებს“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანალიტიკოსმა რაფაელ კერგენომ.