ალბანეთის ოპოზიციის ლიდერი სალი ბერიშა, რომელიც შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა, საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
ტირანას ქუჩებში შეკრებილ მხარდამჭერებთან გამოსვლისას ბერიშამ მოქალაქეებს ტირანის მთავარი გზების გადაკეტვისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. აქციაზე მცირე შეტაკებები მოხდა მომიტინგეებსა და პოლიციას შორის.
ბერიშამ „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ითხოვს დროებითი მთავრობის შექმნას 11 მაისს დაგეგმილ რეგულარულ საპარლამენტო არჩევნებამდე.
„ჩვენ ვართ აქ დემონსტრაციაზე ტირანის ნარკომთავრობის წინააღმდეგ. ვითხოვთ მოვალეობის შემსრულებელ მთავრობას არჩევნებამდე, რადგან პრემიერ-მინისტრი ედი რამა არ იცავს არცერთ კანონს, კრიტერიუმს თუ სტანდარტს არჩევნებთან დაკავშირებით. ყველაფერი, რაც გვინდა, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 11 მაისს“, – განაცხადა ბერიშამ.
ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, 80 წლის ბერიშა 2023 წლის დეკემბერში შინაპატიმრობაში მოათავსეს. მას სექტემბერში ბრალი წაუყენეს 2005-2009 წლებში პრემიერ-მინისტრის პირველი ვადის დროს თავისი გავლენის გამოყენებაში სიძისთვის მომგებიანი სამშენებლო კონტრაქტის მოპოვებაში დახმარების მიზნით.
ბერიშა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს საქმე მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური შურისძიებაა.