თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ქვეყნის ათობით ქალაქში საპროტესტო აქციებზე 343 ადამიანი დააკავეს.
მედიის ცნობით, აქციები გაიმართა სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიაში, კონიაში და სხვა ქალაქებში.
„არ იქნება არანაირი შემწყნარებლობა მათ მიმართ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.
ამასთან, ათობით ადამიანი დააკავეს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტების გამო. თურქეთის პოლიციამ დააკავა 56 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ სოციალურ მედიაში პროვოკაციული პოსტების გავრცელება.
ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.