პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმის განხილვას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, კომპანია „მაგნატის“ საქმე დავით კეზერაშვილის მიერ საკუთარი ნავთობიმპერიის ჩამოყალიბების პერიოდს ემთხვევა.
„სამაგალითოა „მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი აბსოლუტურად კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას, რომელიც შემდგომ „გალფის“ სახით ჩამოყალიბდა. სხვადასხვა კომპანიების მფლობელებს იჭერდნენ, ართმევდნენ ბიზნესებს, ამწყვდევდნენ ციხეში და მათთვის წართმეული ქონების საფუძველზე შეიქმნა მონოპოლია. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესსტრუქტურები, როგორიც იყო „თიბისი ბანკი“ და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე,“– განაცხადა სოზარ სუბარმა.