ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მიმდინარე წელს საქართველო იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება დიდი ბრიტანეთიდან. ამისთვის შესაბამისი მარკეტინგული კამპანიებია დაგეგმილი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
მან საქართველოზე ცნობადობის გაზრდის კუთხით დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ მარკეტინგული კამპანიებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჩვენ უკვე ავსახეთ საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიებისთვის საჭირო ბიუჯეტი. მარკეტინგული კამპანიები უკვე დაიწყო დიდ ბრიტანეთში. ჩვენ აქტიურად ვახდენთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ჩვენ რამდენიმე არხით ვახდენთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას. პირველ რიგში ეს არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული უშუალოდ ავიაკომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მათთან ერთად ვაკეთებთ მარკეტინგულ კამპანიებს, რათა ხმა მივაწვდინოთ სამიზნე აუდიტორიას, ტურისტებს, პოტენციურ მგზავრებს, შესაბამისად, „ბრიტიშ ეარვეისთან“ ერთად გვაქვს ცალკე მარკეტინგული კამპანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, მეორე მხრივ კი ავიაკომპანია „იზიჯეტთან“.
ამასთანავე, მესამე არხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეგიდით, ჩვენ ვახდენთ სხვადასხვა პლატფორმით, მედიის წარმომადგენლების ჩამოყვანას საქართველოში. ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მიმდინარე წელს საქართველო იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება დიდი ბრიტანეთიდან. ამისთვის შესაბამისი მარკეტინგული კამპანიები დაგეგმილია და მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად მოხდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი გეგმაა ის, რომ საქართველო იყოს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება და პირდაპირი ფრენები ამას ძალიან წაახალისებს. შესაბამისად, სეზონურად მოხდება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტების ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.