ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მაღალმთიანი რეგიონებისათვის განსაკუთრებული პირობები შექმნას და მხოლოდ შეღავათების დაწესებით არ შემოიფარგლოს. ამის შესახებ მან, ჩოხატაურში განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
“დღევანდელი რედაქციის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის, რაც არის შედარებით ვიწრო ჩანაწერი. მხოლოდ შეღავათებზეა ჩანაწერი, ასეთ შემთხვევაში ეს ჩანაწერი იცვლება უფრო ფართო ჩანაწერით.
შეღავათების გარდა სხვა ინსტრუმენტებიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ განავითაროს რეგიონები, მათ შორის მაღალმთიანი.
იმისათვის, რომ არ შემოიფარგლოს სახელმწიფო მხოლოდ შეღავათების დაწესებით, გაფართოებულია ეს ჩანაწერი და საუბარია ზოგადად მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის განსაკუთრებული პირობების შემქნაზე. შესაბამისად, ახალი ჩანაწერით უკეთ არის დაცული მაღალმთიანი რეგიონის ინტერესები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.