ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს. წლევანდელ ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
„საქართველოს მდებარეობა ძირითადი სავაჭრო დერეფნების, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შუა დერეფნის გადაკვეთაზე გვაქცევს ბიზნესის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის ბუნებრივ ცენტრად. ჩვენ ვიყენებთ ამ უპირატესობას სანდო და ეფექტური საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, ინვესტორთა დაცვის გაძლიერებით და ძლიერი იურიდიული და ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.
„ჩვენ შევძელით ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან ორმხრივ ფორმატზე – გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე (ძალაშია 2021 წლის იანვრიდან), მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე შეუფერხებელი გადასვლა. 2024 წელს ჩვენმა ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 170 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა 2025 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. ანალოგიური დადებითი ტენდენციაა საინვესტიციო ნაკადებში – გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 450 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-იან ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ფინანსურ და სადაზღვევო სექტორში განხორციელდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„საქართველო აგრძელებს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან განვითარებად ეკონომიკებს შორის თავისი წარმატებული ადგილის შენარჩუნებას. ჩვენი მთავრობა აქტიურად ახორციელებს ფართომასშტაბიან, ტრანსფორმაციულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტი, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაზე თანამედროვე საზღვაო პორტი გახდება და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპის ენერგოსისტემას დააკავშირებს და გააძლიერებს რეგიონულ ენერგოუსაფრთხოებას“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ეკონომიკური ურთიერთობების დასტურია ბრიტანეთის ავიახაზების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ლევან დავითაშვილის შეფასებით, განახლებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული ნაკადების შემდგომ გაზრდასა და ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების გაღრმავებაში.
ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმს ლევან დავითაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ასევე საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.